Friday, November 5, 2010
სანამ მილიონერი გავხდები ანუ მორიგ ჩიხში მომწყვდეული მე
რაღაც უნდა დავწერო..სიტყვები თავისით მოდის ტვინში, მაგრამ მერე იქ ირევა, ერთმანეთში იზილება და გამოდის ერთი დიდი უსარგებლო ხროვა, რომელიც მეც კი არაფერში მჭირდება და სხვას ხომ მითუმეტეს.
დღეს სამსახურიდან რომ გამოვედი და ჩქარი ნაბიჯით გამოვემართე სახლისკენ, ყურსასმენების ამოღება და მუსიკის ჩართვაც კი არ მომინდა..რაღაცნაირად ღიმილიანად მოვეშურებოდი..გზაში ლოტოს ბილეთი ვიყიდე..ჩვევად მექცა ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს გზაში ციფრების მოფიქრება, მობილურში დამახსოვრება და შემდეგ ამოჩემებულ ჯიხურთან მისვლა.."ფორტოჩკაში" მჯდარ პუტკუნა გოგოს ჯერ გამარჯობას ვეუბნები, ვუღიმი, შემდეგ ფანქარს ვიღებ და ციფრებს ვამუქებ..ამ პროცესამდე და პროცესის შემდეგაც წარმოვიდგენ როგორ ყრის ლოტოტრონი ჩემს მიერ არჩეულ ციფრებს, როგორ ემთხვევა ექსივე ციფრი, როგორ ვხდები მილიონერი და შემდეგ რა რეაქცია მაქვს ან საერთოდ რა ხდება მოგების მეორე დღეს. სცენარი ხშირად იცვლება, ყოველი თამაშის შემდეგ ხდება მოდიფიკაცია, თუმცა რამდენიმე პუნქტი უცვლელი რჩება, ანუ ის, რომ მოგების ნაწილს სამსახურში დავაბანდებ, პარტნიორი გავხდები და როგორც კი სამსახურის ამბებს მოვაგვარებ, ვიზებს ავიღებ და საქართველოდან წავალ..თუმცა მანამდე უნდა მოვასწრო და რამდენიმე ათასი დავურიგო ახლობლებს, ნათესავებს, ვინც ჩემს გარშემო ყოფილა, ვინც მყვარებია..მეგობრებს ალბათ ასეული ლარებით დავასაჩუქრებ..წარმომიდგენია როგორი ბედნიერი ვიქნები მათ გახარებულ სახეებს რომ დავინახავ.. მაგრამ წასვლით მარტო წავალ, სადმე გადავიკარგები, ჯერ კუნძულზე ბუნგალოში ვიცხოვრებ რამდენიმე კვირა ან თვეც კი..მერე მეგალოპოლისებს შემოვივლი..
გადავიღებ ფილმს ჩემს ცხოვრებაზე, იმაზე თუ როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, როგორ აღარ მინდოდა არაფერი, როგორ არ მაინტერესებდა ის, რაც ხდებოდა ჩემს გარშემო, როგორი გარიყული ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ხალხში ვტრიალებდი, რა მაკლდა და რა არ მაკმაყოფილებდა.. იმასაც არ დავივიწყებ ყველაზე დიდი ჩავარდნების დროს როგორ ვსეირნობდი ქუჩაში სამსახურის წინ ან მერე მისავათებული და როგორ ვაკვირდებოდი ადამიანის ფეხსაცმელებს, როგორ ვხედავდი ადამიანების ნაცვლად მათ მოსიარულე Fეისბუქის პროFაილ Fოტოებს..
მაგრამ ახლა, სანამ ის ბედნიერი მილიონერი გავხდები, რომელიც მომავალში მელოდება, გაყინულ ოთახში ვზივარ და ჩემს 10 წლის წინანდელ მონიტორს შევცქერი, რომელსაც ყველანაირი ვუნახივარ, რომლის მიღმაც ჩემი ბევრი სიყვარული ინახება და რომელიც თითქოს ძალიან ჩემია მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უშნო და გამობურცულია და მიუჩვეველზე თვალებსაც მტკენს უკვე.
მორიგ ჩიხში ვარ შესული და აზრზიც არ მიჩნდება იმის შესახებ, თუ როგორ გამოვძვრე..მორიგი გამოსავალი მჭირდება..არა, მილიონერობა ეს კია გამოსავალი, მაგრამ რომ ვეღარ დაველოდო? მოთმინებამ რომ ქუდი დაიხუროს, კარები გაიკეტოს და დამტოვოს მარტო ჩემს არაადეკვატურ თავთან? იფიქრე თავო ჩემო, გამოსავალი გჭირდება და თან იმაზე მალე, ვიდრე შენ გგონია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 სხვისი მოსაზრება:
awesome "Exploited" pink logo!
really nice ))))
THANksss ))
Post a Comment