არ ვიცი, უფრო სწორად აღარ ვიცი სად დავწერო იმაზე, რაც ძალიან მაწუხებს..
ჩემს ფურცლებზე ჩამოვამწკრივებდი ასოებს, მაგრამ რომ ვიცი ისევ ჩემს თავს შევეჩეხები, ამიტომ სოციუმზე გამოსვლა მირჩევნია, მეორეს მხრივ კი ამოვიდა ყელში პირადი ბლოგების გაკრიტიკება და შესაბამისად, მეც უნდა მოვკეტო და წავიდე ჩემი გზით ვითომ?
არამც და არამც! როგორც უკვე ბევრს უთქვამს და კიდევ უფრო მეტი იტყვის, თუ არ გაინტერესებთ გზა ხსნილია.
მე კი .. ამჯერად ზაფხულის სიცხეზე ორმაგად გახურებული და ჩემს ასევე ცხელ ლეპტოპთან მიხუტებული ვწერ იმას, რაზეც დამიწერია ალბათ ადრეც, მაგრამ ახლა მართლა ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დავაკონკრეტო ემოციები.
ყველაზე მთავარი ალბათ ისაა, რომ საშინელი შეგრძნება მაქვს თითქოს დროს ვკარგავ, ხელს შუა მისხლტება ქვიშის ძალიან ბევრი, უთვალავი ნაწილაკივით და ამ დროს ვიცი ვეღარასდროს დავაბრუნებ და ავანაზღაურებ. ამასობაში, მეორე მხრივ, არც მინდა რაიმე მოვიმოქმედო. დრო არათუ მისხლტდება, მე თვითონ ვუშვებ და ვცდილობ კიდეც თითებს შორის მანძილი გავზარდო რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიცალოს მარაგი ნაწილაკებისა და რაც შეიძლება ნაკლები დარჩეს ჩვენ ფანჯრებფრიალა სკივრში, რომელსაც სიცოცხლე ქვია.
ქუჩაში დავდივარ და ვაკვირდები ადამიანების ფეხსაცმელებს..ხო, მხოლოდ ფეხსაცმელებს..ხშირად სამარშრუტო ტაქსის ფანჯრიდან მხოლოდ მიწას დავყურებ და ფეხსაცმელების მიხედვით წარმოვიდგენ ადამიანებს, ვხატავ მათ ჩემს წარმოსახვაში და ვაფერადებ, ზოგიც შავ-თეთრი რჩება, ზოგზე საერთოდ არ ღირს რაიმეს მიხატვა.
ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ფეხსაცმელომანია დამჩემდა, ახალი წლის შემდეგ უკვე ათამდე ფეხსაცმელი ჩამომივიდა ონლაინ მაღაზიებიდან და მე კიდევ სულ უფრო და უფრო მეტი მინდოდა..ბოლო ამანათი რომ გავხსენი უკვე მივხვდი, რომ მომბეზრდა..პრინციპში ცუდია ალბათ ასე რომ მოხდა..რაღაც გასართობი მქონდა კიდევ ერთი, პატარა..
ყველაზე მნიშვნელოვან რელაქსაციას სეირნობის დროს განვიცდი..მივუყვები ყოველდღიურად ერთსა და იმავე ნაცნობ ქვეფენილს, თუმცა მაინც ყოველთვის სხვადასხვანაირი შეგრძნებები მაქვს..ხშირად ერთსა და იმავე სახეებს ვხვდები, ალბათ ჩემს მსგავსად ამთავრებენ სამსახურებს და მისეირნობენ შემდეგ მტვრიან თბილისში. როდესაც რაღაც ღონისძიებების აფიშებს წავაწყდები ხოლმე, თავიდანვე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ არ გამოვტოვებ. ცოტა ხანში უკვე ეჭვის ნაპერწკლები ჩნდება: მინდა? ისევ ისეთი არ იქნება როგორც ბევრი სხვა კონცერტი თუ გამოფენა? ისევ იგივე ხალხი არ იტრიალებს? ისევ იგინაირად არ მოვწევთ სიგარეტს და დიდ-დიდ ყლუპებით მოვსვავთ ლუდს? და აზრი? აზრი ალბათ ისაა, რომ თუ ასე ვიმსჯელეთ, მაშინ ცხოვრებაც აზრს დაკარგავს და მაინც..ვაღიარებ რომ მომბეზრდა და ისიც მომბეზრდა, რომ მომბეზრდა..
მოკლედ..
ეს პოსტი როგორც მიუახლოვდა დასასრულს, ისე შეუმჩნევლად რომ ჩამცხრალიყო ჩემი საცოდავი სხეულის წვა ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ როდის იყო ყველა სიკეთე ერთად ხდებოდა? ასე, რომ მადლობელი ჩემს "პირად სამყაროში" შემოჭრისთვის.
ჩაო
1 სხვისი მოსაზრება:
Visite o blog do poeta do tempo:
www.poemasdosamuel.blogspot.com
Post a Comment