დღეს იმდენი აზრი ფათურობდა ჩემს ტვინში, რომ მობილურში დავდრაfთე ჩემი ფრიად გადატვირთული მეხსიერება კიდევ რომ არ დამეძაბა და ახლა როდესაც ამ ჩანაწერებს ვკითხულობ იმდენად სხვადასხვა თემატიკაა, არ ვიცი ერთად ჩავტიო თუ გავანაწილო. მოდი შეძლებისდაგვარად ქრონოლოგიურად მივყვები იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს ხვალ სხვა მოსათხრობი მექნება.
ყველაფერი დილაადრიან დაიწყო. ჯერ დილა მხოლოდ ჩემთვის გათენდა იმიტომ, რომ ჩვეულებისამებრ შვიდის წუთებზე გავახილე თვალი და ჩემს თავს იმდენად კარგად ვიცნობ რათქმაუნდა ძილის შებრუნება არც მიცდია. ავდექი, მოვკალათდი ლეპტოპთან და დავიწყე ცდა ჯერ 8-ის ნახევრის - მე ხომ რაც ტოროლა გავხდი დილის პროგრამებსაც რეგულარულად ვადევნებ თვალს და ყურსაც, უფრო მეტად თვალს, ვინაიდან საყვარელი დნცკების "ყურის დევნება" მირჩევნია. დილის პროგრამაში ერთ-ერთი სიუჟეტი იმ გამოფენას ეძღვნებოდა, რომელიც ლალი დანილიუკმა გააკეთა დღეს თი-ბი-სი გალერეაში. ამის შესახებ სხვა წყაროებიდანაც ვიცოდი და წასვლას ისედაც ვაპირებდი, თუმცა გამახალისა ჩემების კომენტარმა. ის ხომ თავისთავად ფაქტია, რომ ყველა მშობელს, განსაკუთრებით კი დედას თავისი შვილი საუკეთესო ჰგონია და მარინამაც უყურა, უყურა ლალის ნახატებს, გადმომხედა და მესამე პირში ამბობს: "ეს ბავშვობაში ზუსტად ასეთ ნახატებს არ ხატავდა? პიკასოს რომ ვასგავსებდით. რითი იყო ამაზე ნაკლები? " ძალიან გამეცინა, შედავებაც კი ვსცადე, რას ლაპარაკობ, ხომ არ გადაირიე-მეთქი, მაგრამ უაზრობა იყო ამაზე კამათი და თავი დავანებე. რომ არ მეზარებოდეს ავტვირთავდი ჩემი ერთ-ერთი სახატავი ალბომიდან ერთ-ერთ ნაშრომს, იქნებ სხვა დროს გამახსენდეს. თუმცა ერთი ფაქტია, ჩემი აბსქტრაქტულ სურეალისტურად დანახული სამყარო იმდენად მომწონდა, რომ ერთი პერიოდი ოთახშიც კი ვაკრავდი ჭიკარტებით ჭრელა-ჭრულა საღებავებით გაჟღენთილ A4 ფორმატებს.
აი საღამოთი უკვე როდესაც სამსახურიდან 10 წუთით ადრე გამოსული, ფაქტიურად ზუსტად გამოფენის გახსნის დროს მივედი გალერეაში, პირველივე ნახატთან რამდენიმე წუთი გაუნძრევლად და თვალებდაუხამხამებლად ყოფნა მინდოდა. არ ვიცი მე განსაკუთრებით მომწონს ეს სტილი თუ რეალურადაც ძალიან ბევრი დამფასებელი ჰყავს (მე მგონი უფრო მეორე), ფაქტიურად მომაჯადოვა ლალის ფერებმა, თემებმა, გამოსახვის უნარმა. მისი ნახატებიდან მისივე სული იგრძნობა..ისიც, რომ ავტორი ძალიან დიდი გულისხმევით მუშაობდა და სავარაუდოდ უზარმაზარი დრო და მონდომება არ დაიშურა თავისი ნამუშევრებისთვის. ლალის ნამდვილად არ ვიცნობ პირადად და არც მქონია ამისი შესაძლებლობა, თუმცა დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი პირადად და მექნებოდა ურთიერთობა ასეთ ხელოვან ადამიანთან. გამოფენა კიდევ 4 დღე გაგრძელდება, რამდენადაც ვიცი, ასე რომ გირჩევდით მარჯანიშვილზე თუნდაც საგანგებოდ გაიაროთ და საკუთარი თვალით ნახოთ ამ ნიჭიერი ადამიანის მუშაობის ნაყოფი.
0 სხვისი მოსაზრება:
Post a Comment