Wednesday, June 9, 2010

დასვენების ოპციებით დაწყებული და სექსით დამთავრებული ჩანაწერი

ისეთ განწყობაზე ვარ
ქალაქგარეთ რომ ხარ, სადმე დიდ პუფში ჩაფლობილი, წინ პატარა მინის მაგიდაა და ყინულებიან ჭიქებში ცივი წვენი ასხია.. ჭიქებში საწრუპები დატივტივებენ და თითქოს ერთი სული აქვთ, როდის შეისრუტავ მათი საშუალებით ცივ, გამაგრილებელ სითხეს..მუსიკა ბოლოსწინა ხმაზეა აწეული..სავარაუდოდ ჩილაუთი, ფეხები რომ თავისით ტოკავენ, მერე ეს ტიკ-ტოკი ტანს რომ გადაეცემა და ამოძრავებს, ხელის თითებს მუხტი შეუმჩნევლად გადაეცემა და ბოლოს თავიც აყვება რიტმულ მოძრაობას.. აი ამას ვეძახი მე განტვირთვას. მერე რა რომ ალტერნატივას ვუსმენ და ერთ დროს ბლექ მეტალზე მქონდა ჭედვები, ასეც მიყვარს..

ცოტათი უცნაური განწყობა მაქვს.. მე ისევ "მე" ვარ აშკარად, მაგრამ მაინც ოდნავ სხვანაირად ვგრძნობ თავს. არ ვიცი იმის გამო, რომ ჩემი გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა, თუ იმიტომ, რომ სხეულმა განიცადა მცირეოდენი მოდიფიკაცია. ჩემს გარშემო ყველა რომ არაადეკვატურად მთვლის ეს უკვე აღარ მიკვირს, არც წამოსროლილი კომენტარები იმის თაობაზე, რომ ვიფუჭებ ჯანმრთელობას, გაყინული - გვამივით ცივი ხელებით დავდივარ შუა ზაფხულში, ხანდახან მცივა კიდეც (თუნდაც დღეს შემცივდა ცოტათი სამსახურში), დღის განმავლობაში ვსვამ მხოლოდ კოლა ლაითს (თუნუქის ქილებში ისიც) , ვიღებავ თმას იმ ფერებად, როგორიც თავში მარტყამს და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ზურგს უკან კიდევ რას ლაპარაკობენ, ამაზე თავის ატკიებაც არ მინდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩემი ინდეფერენტულობისა გამოთქმული კომენტარების მიმართ, ჩემი გარშემომყოფები მაინც ვერ ხვდებიან, რომ არც დიდად და არც მცირედ მაინტერესებს მათი აზრი ჩემს შესახებ და შესაბამისად არც რაიმეს შეცვლას ვაპირებ მანამ, სანამ მე თვითონ არ დამიჯდება ეს ჭკუაში (მგონი ასეთი გამოთქმა არსებობს).

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ღამეები მირჩევნია დღის სინათლეს, თუნდაც ახლა როდესაც საღამოს 9 საათია და ჯერ კიდევ ფაქტიურად ნათელია ცა, რაღაც დისკომფორტის გრძნობა მეუფლება..არაა ალბათ გასაკვირი, რომ ზღვაზე უკვე პირიქით ვარ, რაც მეტი მზე და სინათლეა მით უფრო მიხარია..
დრო თან ნელა და ამავდროულად ყოველ კვირის ბოლოს უფრო და უფრო სწრაფად გადის. შაბათ-კვირა ერთმანეთს თითო-თითო საათებივით ებმის, ორშაბათი აღარ იწელება იმიტომ, რომ უამრავი საქმეა, სამშაბათიც შეუმჩნევლად მიყვება, ოთხშაბათს მახსენდება, რომ მეორე დღეს ხუთშაბათია და კვირა ტყდება ფაქტიურად, ხუთშაბათს პარასკევის დადგომა მიხარია და პარასკევს კი ის, რომ შაბათს მოკლე სამუშაო დღე მაქვს.

მართალია რაც მინდა იმის ნახევარსაც ვერ ვასწრებ დასვენების საათებში, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ბოდიალი უსაქმოდ და იმის ცოდნა, რომ მეორე დღეს ერთი და იმავე რუტინით დილით სამსახურში გასვლა არ გიწევს. მე რომ "ნორმალური" ვიყო, აქ უნდა დამეწერა "იმის ცოდნა, რომ მეორე დღეს ადრე ადგომა არ გიწევს"-თქო, მაგრამ აბა ვინ მაღირსა კარგი ძილი და გამოძინება, კვირა იქნება თუ ნებისმიერი სხვა დღე, ჩემი ავტომატური "ალარმი" სრულებით დაუკითხავად მაღვიძებს დილის 7 საათისთვის ან დაახლოებით ამ მონაკვეთში. 
პრინციპში ეს პოსტი შემიძლია "ძილისწინ" კატეგორიას მივაკუთვნო იმიტომ, რომ რაღაც ჩემი საძილე აბი მიზიდავს დიდად და შესაძლოა აღარ გავწელო დრო და ჩავყლაპო კიდეც.

პ.ს.:" სექსი დიდ ქალაქში" ისე ძალიან არ მომწონს და ვერ "დავამუღამე", რომ აშკარად ვერ ვხვდები რა საჭიროა ამხელა რეკლამები და ზედმეტი აფიშირება. ალბათ მეც "გავიზრდები" და მივხვდები ხომ ერთ დროს? ეს მხოლოდ გამიხარდება.

2 სხვისი მოსაზრება:

Kiwi said...

kai postia :)

OTO said...

კი კარგია : D